იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პოლიციის შესახებ“ და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონებში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით, ორი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი განიხილა და მხარი დაუჭირა.
„პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება და მისი სახელწოდება შეიცვლება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიით (პოლიციის აკადემია).
კანონპროექტი პოლიციის სისტემაში ახალი საბაკალავრო პროგრამის შექმნას ითვალისწინებს. პროექტში გაწერილია პოლიციის აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებასთან, სწავლებასა და სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებული საკითხები.
როგორც მომხსენებელმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, კანონპროექტის პირველი მოსმენის დროს გამოთქმული მოსაზრება გაიზიარეს და საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში აისახა დებულებები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სამაგისტრო პროგრამის განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილება, თანმდევ პროექტებთან ერთად, სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ წარადგინა.
კანონპროექტის თანახმად, დგინდება სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება. ამასთან, თუ შეკრება ან მანიფესტაცია რეალურ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, მართლწესრიგს, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას, სატრანსპორტო საშუალებების, ხალხის გადაადგილებას ან ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანო უფლებამოსილი იქნება შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული ადგილის, დროის ან/და სვლაგეზის შესახებ შესაბამისი მითითება მისცეს.
პროექტით, აღნიშნული მითითების შეუსრულებლობა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. გარდა ამისა, კანონპროექტით წესრიგდება შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.
