იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილება და მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის თანახმად, კოდექსს ემატება ახალი ტერმინი „პროცესუუნარო“. ასევე, განისაზღვრება, რომ თუ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდგომ გახდება პროცესუუნარო, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულის მკურნალობის მიზნით, შეჩერდება ან არ დაიწყება საქმის არსებითი განხილვა მაქსიმუმ 3 თვის ვადით. 3 თვის გასვლის შემდეგ პროცესი გაგრძელდება.
კანონპროექტით, თუ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში პატიმრობის ვადა არ შეჩერდება თუ შუამდგომლობის ინიციატორი ბრალდების მხარეა. თუ ინიციატორი დაცვის მხარეა, აღნიშნული ვადა შეჩერდება.
როგორც მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე შემუშავდა.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.
