კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიში მოისმინეს

აგრარულ საკითხთა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიში მოისმინეს.
მომხსენებელმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს პროგრამებზე ისაუბრა და კანონმდებლებს ძირითად სტატისტიკური მონაცემები გააცნო.
გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ 2024 წელს მნიშვნელოვნად გაზარდა მომსახურების მიწოდების მასშტაბები. კერძოდ, რეგიონული ოფისების გაძლიერებით მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს 10 რეგიონსა და 7 მუნიციპალურ ერთეულში. მისივე თქმით, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება გადამზადების მოკლევადიან პროგრამაში 2024 წელს მონაწილეობა 3692-მა პირმა მიიღო.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2024 წელს გაიზარდა როგორც დასაქმების მაძიებელთა, ისე დამსაქმებელთა რაოდენობა. მისივე თქმით, გასულ წელს ჩატარდა დასაქმების შვიდი ფორუმი, სადაც მონაწილეობა მიიღო 240-ზე მეტმა დამსაქმებელმა და 1400-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა.
გიორგი ცაგარეიშვილის ინფორმაციით, 2024 წელს სააგენტო აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა როგორც შიდა სტანდარტების გაუმჯობესება, ასევე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება.
„2025 წელს სააგენტო გააგრძელებს ინსტიტუციურ განვითარებას, რომლის ფარგლებში დაიხვეწება და გადაიხედება დასაქმების პროგრამები, გაძლიერდება სააგენტოს კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობა“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა სოფლის მეურნეობის სექტორში განხორციელებულ აქტივობებსა და დასაქმების მხარდამჭერ პროგრამებზე ისაუბრა.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დეფიციტური პროფესიების ხელშეწყობის მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან. ყოველწლიურად მზარდია იმ სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც დაინტერესებული არიან შეისწავლონ ისეთი პროფესიები, რომლებიც გამოსადეგია სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
წარმოდგენილი ანგარიში კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ცნობად მიიღეს.
