მარიამ ლაშხი და რიმა ბერაძე სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ოჯახების მხარდასაჭერად გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისა და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და კომისიის წევრი რიმა ბერაძე ნეირობალანსირების ცენტრის ორგანიზებით, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ოჯახების მხარდასაჭერად გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში „მშობლების სკოლის“, ფონდი „ტატას“ და წიგნის „ერთი სამყაროდან მეორემდე: შეხვედრა ჩვენს უნიკალურ შვილთან“ პრეზენტაცია გაიმართა, რომლებიც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის მნიშვნელოვან მხარდამჭერ რესურსებს წარმოადგენენ.
განსაკუთრებული ყურადღება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ოჯახების მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობაზე გამახვილდა. აღინიშნა, რომ არსებული პროგრესის მიუხედავად, სფეროში კვლავ რჩება გარკვეული გამოწვევები, რომელთა ეფექტიანად მოგვარებისთვის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების მჭიდრო თანამშრომლობაა აუცილებელი.
ნეირობალანსირების ცენტრისა და ფონდი „ტატას“ საქმიანობის მთავარი მიზანი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის თერაპიული და ემოციური მხარდაჭერის გაძლიერება, მშობლების ინფორმირებულობის ამაღლება და ოჯახებისთვის ხელმისაწვდომი სერვისების განვითარებაა, რაც ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.
