მარიამ ლაშხი კოლეგებთან ერთად აზერბაიჯანის განათლების მინისტრს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი კოლეგებთან ერთად აზერბაიჯანის განათლების მინისტრს, ემინ ამრულაევს და დელეგაციის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებისა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ერთობლივ პროექტებზე, უმაღლესი და პროფესიული განათლების სფეროში პარტნიორობის გაძლიერებასა და ერთობლივი კვლევების განხორციელების შესაძლებლობებზე.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო აქტიურ განვითარებაზე.
საუბარი შეეხო აზერბაიჯანში მოქმედი ქართულენოვანი სკოლებისა და იქ მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის ქართული ენისა და ისტორიის სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოში აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მდგომარეობაზე.
„აზერბაიჯანის განათლების მინისტრს მადლობა გადავუხადეთ იმისთვის, რომ რეგიონებში მცირე სკოლების ოპტიმიზაციის პროცესის მიუხედავად, ქართულენოვან სკოლებს ცვლილება არ შეეხო. ასევე ვისაუბრეთ ერთობლივი პროფესიული კოლეჯის შექმნის შესაძლებლობაზეც, რაც ენერგეტიკის, ღრმაწყლოვანი პორტისა და წყალქვეშა კაბელის სამშენებლო პროცესში მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსის მომზადებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის წევრების აზერბაიჯანში ვიზიტთან დაკავშირებულ საკითხზე.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ქადაგიშვილი.
