პარლამენტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის შეხვედრა გაიმართა
მედია და საზოგადოება 12 დეკემბერი 2025

პარლამენტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ციფრულ სივრცეში ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე კომისიის წევრებმა მოისმინეს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების ინფორმაცია იმ საქმიანობაზე, რომელსაც ისინი ბავშვებში კიბერბულინგის პრევენციისა და მასზე რეაგირების მიმართულებით თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ.
„კომისიის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ბავშვთა უფლებების დაცვა ციფრულ სივრცეში. უწყებების ჩართულობით სამუშაო ჯგუფის შექმნას ვგეგმავთ და მათთან ერთადაც ვიმუშავებთ მარეგულირებელი ჩარჩოს მოწესრიგებაზე, თუ ამის საჭიროება იქნება, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს შევიმუშავებთ. შეხვედრაზე ვისაუბრეთ სახელმწიფოს მხარდამჭერ პროგრამებსა და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. აუცილებელია უწყებების კოორდინირებული მუშაობა იმისათვის, რომ სახელმწიფოს რესურსები იყოს ეფექტიანად მართული და ქვეყანაში ბავშვთა საუკეთესო ინტერესი იყოს დაცული, განსაკუთრებით ციფრულ სივრცეში“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
სამუშაო შეხვედრაში შინაგან საქმეთა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროების, სახალხო დამცველის, კომუნიკაციების კომისიის, მანდატურის სამსახურის, ციფრული მმართველობის სააგენტოს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
