დავით სონღულაშვილი: მოსახლეობასთან უწყვეტი კავშირი ჩემთვის მნიშვნელოვანია

საქართველოს პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, კარდენახის, ბაკურციხის და ვეჯინის მოსახლეობას შეხვდა, სადაც სოფლებში არსებული საჭიროები განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს.
ადგილობრივებისთვის მთავარ საკითხს კვლავ წყალმომარაგების გაუმჯობესება და შიდა საუბნო გზების მოწესრიგება წარმოადგენს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამივე სოფლის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კარდენახის და ბაკურციხის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საპროექტო, ხოლო ვეჯინში კი წყალმომარაგების სისტემების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. წყალმომარაგების სისტემების მშენებლობის შემდეგ კი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა დაგეგმილი.
სამივე სოფლის მოსახლეობამ ასევე ისაუბრა მუნიციპალური ტრანსპორტის საჭიროებაზე. შეხვედრაზევე აღინიშნა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად მუშაობს და საკითხი დამუშავების პროცესშია.
დავით სონღულაშვილმა, მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტების და სამომავლოდ გეგმების თაობაზეც ისაუბრა.
„ჩემთვის, როგორც მაჟორიტარი დეპუტატისთვის მოსახლეობასთან მუდმივი, უწყვეტი კავშირი მნიშვნელოვანია, რაც შემდგომში უკვე საქმეშიც კარგად ჩანს. გურჯაანში არცერთი პროექტი არ განხორციელებულა ადგილობრივების უშუალო ჩართულობის გარეშე, იქნება ეს გურჯაანის ცენტრალური პარკი, ველისციხის რეაბილიტაციის პროექტი, ტექნოპარკი, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმის სრული რეაბილიტაცია, სხვადასხვა საგზაო თუ წყალმომარაგების პროექტი და ასე შემდეგ. ვფიქრობ, მსგავსი ტიპის თანამშრომლობას ყოველთვის მეტი შედეგი მოაქვს და მსურს, ასეთი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის თითოეულ გურჯაანელს მადლობა გადავუხადო,“ - განაცხადა პარლამენტის წევრმა.
შეხვედრებში მონაწილეობდნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
დღის ბოლოს, შეხვედრა გაიმართა ა(ა)იპ "გურჯაანის სპორტული გაერთიანების" სპორტული ჯგუფების მწვრთენელებთან, სადაც ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე, საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე.
აღსანიშნავია, რომ დავით სონღულაშვილი თავის სამაჟორიტარო ოლქში, მოსახლეობასთან შეხვედრებს მუდმივ რეჟიმში მართავს და როგორც თავად აღნიშნავს, სწორედ მოსახლეობის უშუალო თანამონაწილეობით იგეგმება მისი სამომავლო სამოქმედო გეგმებიც.
