ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელა

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ დოკუმენტებზე ისაუბრა.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს „საქართველოს მთავრობასა და სეიშელის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, „საქართველოს მთავრობასა და ისლანდიის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, „საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ და „საქართველოს მთავრობასა და რუანდის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებები გააცნო, რომელიც „ღია ცის“ პრინციპის საფუძველზე მომზადდა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ანალოგიური შეთანხმებები საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან უკვე აქვს გაფორმებული, რაც ორ ქვეყანას შორის პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას და მგზავრთა გადაყვანას უზრუნველყოფს.
სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით წარადგინა.
მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს მთელი რიგი ღონისძიებების და ნორმების გატარებას, რაც მევენახეობის და მეღვინეობის დარგის შემდგომ განვითარებას უკავშირდება.
„კანონპროექტი სამეწარმეო სექტორს, კერძოდ, სამეწარმეო ვენახის კატეგორიას შეეხება და ფოკუსირებულია მაღალი ხარისხის ღვინისა და სპირტიანი სასმელების წარმოების ხელშეწყობაზე. წარმოდგენილი კანონპროექტით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გთავაზობთ, რომ ახალი სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე შემოღებული იყოს შესაბამისი თანხმობა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
სხდომაზე „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების გზისპირა ზონის არეალის 100 მეტრიდან 200 მეტრამდე გაზრდას შეეხება.
„საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების გზის ღერძიდან ორივე მხარეს, გზისპირა ზონის არეალი 200 მეტრით განისაზღვრება. შესაბამისად, იმ ტერიტორიაზე, რომელიც აღნიშნულ ზონაში მოექცევა, ნებისმიერი სახის საქმიანობა დასაშვები იქნება მხოლოდ გზის მფლობელთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს კონკრეტულად რომელი საავტომობილო გზის მონაკვეთისთვის იმოქმედებს აღნიშნული ნორმა და ასევე, რა ტიპის საქმიანობაზე გავრცელდება წინასწარი შეთანხმების ნორმა“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.
