კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი წარადგინა.
მომხსენებლის ინფორმაციით, წარმოდგენილი ცვლილებები რამდენიმე მიმართულებას შეეხება. საუბარია ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე, ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის შესაბამისობაში მოყვანასა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე.
„ამ კანონპროექტით, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის დადგენილი ჯარიმები მოსალოდნელი საფრთხეების შესაბამისი იქნება. აღნიშნული პროექტი პრევენციულიც არის, რომლის მიხედვითაც, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების მფლობელები, გაზრდილი ჯარიმების შემთხვევაში, უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დაცვას. ეს, თავის მხრივ, შეამცირებს იმ საფრთხეებს, რომელიც შეიძლება ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს დაემუქროს“, - განაცხადა გენადი არველაძემ.
მინისტრის მოადგილემ კომიტეტების წევრებს ინფორმაცია გააცნო კანონპროექტში ასახული ძირითადი ცვლილებებისა და არსებული ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების შესახებ.მისი თქმით, კანონპროექტის თანახმად, ბაზრის ზედამხედველობის ნაწილი 2026 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება და ის ევროპულ კანონმდებლობასთან სრულ თანხვედრაში იქნება. კომიტეტებმა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.
