ნინო წილოსანის და მარიამ ლაშხის ინიციატივით, ტექნოლოგიების თვესთან დაკავშირებით, კახეთში ღონისძიებები გაიმართა

25-26 აპრილს ახმეტაში, თელავსა და გურჯაანში, ტექნოლოგიების თვესთან დაკავშირებით, ღონისძიებები გაიმართა, რომლის მიზანიც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალგაზრდების უფრო აქტიური ჩართულობა იყო.
ღონისძიებები პარლამენტის ვიცე-სპიკერის ნინო წილოსანის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მარიამ ლაშხის ინიციატივით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით გაიმართა.
თელავში, ახმეტასა და გურჯაანში საინფორმაციო შეხვედრები და თემატური ლექციები ჩატარდა.
პროექტი განხორციელდა სახელწოდებით – „NEXT GEN: ახალგაზრდები მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში“, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მომავალი თაობის მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ტექნოლოგიურ პროგრესში.
ასევე გაიმართა კვლევის „STEM შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოში - განათლების სისტემის, შრომის ბაზრის და საკანონმდებლო ჩარჩოს ანალიზი“ პრეზენტაცია. ღონისძიებაზე წარდგენილი იყო კვლევის ძირითადი მიგნებები.
ღონისძიებების მთავარი მიზანი იყო: ახალგაზრდებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიებისადმი ინტერესის გაზრდა; STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) მიმართულებების პოპულარიზაცია; პროფესიული განათლებით ახალგაზრდების უფრო ფართო დაინტერესება; ახალგაზრდების მოტივაცია ინოვაციური იდეების შექმნასა და განხორციელებაში.
