სოფლის მეურნეობის კომიტეტმა ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ანგარიში მოისმინა

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა სსიპ - ღვინის ეროვნულ სააგენტოში გასვლითი საკომიტეტო მოსმენა გამართა, სადაც სააგენტოს თავმჯდომარეს ლევან მეხუზლას მოუსმინეს.
სააგენტოს ხელმძღვანელმა ღვინის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და მიმდინარე წლის აქტივობებზე ისაუბრა.
მისი თქმით, სააგენტოს ძირითადი საქმიანობა მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების ხელშეწყობაა და აღნიშნული მიზნის მისაღწევად სააგენტო რამდენიმე მიმართულებით მუშაობს.
ლევან მეხუზლას განცხადებით, ეს მიმართულებები მევენახეობის განვითარებას, ქართული ღვინის პოპულარიზაციას, რთველის პროცესის ორგანიზებას, ქართული ვაზის კულტურისა და ღვინის ლაბორატორიულ კვლევებს მოიცავს.
სააგენტოს ხელმძღვანელმა თითოეულ მიმართულებასთან დაკავშირებით ვრცელი ინფორმაცია წარადგინა და იმ სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა, რომელიც საანგარიშო პერიოდს შეეხებოდა.
„2024 წელს საქართველოდან 72 ქვეყნაში ექსპორტირებულია 276.1 მილიონი დოლარის, 2025 წლის 11 თვის მონაცემებით - 245 მილიონი დოლარის ღვინო. მხოლოდ მიმდინარე წლის 11 თვეში, ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტით, საქართველომ შემოსავლის სახით ნახევარ მილიარდამდე დოლარი მიიღო“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.
სააგენტოს საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ მთელი ქვეყნის მასშტაბით ვენახების საკადასტრო მონაცემების დამუშავებასა და საკადასტრო სისტემის შექმნის მიზნით მუშაობაზე ისაუბრა.
განსაკუთრებული ყურადღება ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის გადადგმულ ნაბიჯებსა და საერთაშორისო საგამოფენო სივრცეებსა და ღონისძიებებზე სხვადასხვა სახეობის ღვინის წარდგენის მნიშვნელობას დაეთმო.
ლევან მეხუზლას თქმით, სააგენტო აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო თანამშრომლობას ქართული ღვინის ექსპორტის ზრდისა და ახალი ბაზრების მოძიების მიზნით.
სააგენტოს თავმჯდომარემ პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა და მადლიერება გამოხატა რიგ საკანონმდებლო ინიციატივებზე კომიტეტების მხრიდან მხარდაჭერისთვის.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ანგარიშის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
სოფლის მეურნეობის კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაცია დადებითად შეაფასა და სააგენტოს საქმიანობა ცნობად მიიღო.
